დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ფოთლოვანი ნარგავები შეიწამლა

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ახლად დარგული ფოთლოვანი ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დარგული წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფოთლოვანი მცენარეები, განსაკუთრებით მუხები, მავნებელი ხერხიების მიერ არის დაზიანებული და შესაბამისი პრეპარატით დაუყოვნებლივ შეწამვლას საჭიროებს.
რაც შეეხება წიწვოვან მცენარეებს, მათი ფიტოსანიტარული მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ფიტოსანიტარიული კვლევა თბილისის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ბიოაგროს” – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ იქნა ჩატარებული.
„ბიოაგროს“ დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე ფოთლოვანი მცენარეები პრეპარატ „ფასტაკის“ 0,3% -იანი სამუშაო ნაზავის გამოყენებით შეიწამლა. დასკვნის თანახმად, ამავე პრეპარატით შეიწამლება პარკის ტერიტორტიაზე გაზაფხულზე დარგული 10 000 -ზე მეტი ფოთლოვანი ხე-მცენარე.
წამლობის სამუშაოები შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოს“ მიერ ხორციელდება. აღნიშნული ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დროულად, მავნებლების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა-განადგურების მიზნით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები