სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან გამართა.
ომბუდსმენმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და რეგულარულ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საერთო პრიორიტეტია მსჯავრდებულების უფლებების დაცვა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ყველაზე მთავარია ამ პრობლემის გარშემო კონსულტაციები, გამოსავალის ძიება და საჭირო ამოცანების დასახვა.
სახალხო დამცველთან ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენ მუდმივად, საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გავმართავთ შეხვედრებს, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ და დავსახავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სისტემის გაუმჯობესება. ვიმუშავებთ მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხს შეეხნენ, რომელიც სისტემაში არსებობს.
„სასიამოვნოა, რომ მინისტრმა პირველი სამუშაო დღის ნაწილი სწორედ სახალხო დამცველთან ვიზიტს დაუთმო და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაიზრდება და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“. შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და მოადგილე ნათია კაციტაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები