სამკერვალო საწარმოში 10 დევნილი დასაქმდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვაზიანში, სამკერვალო საწარმო „იმედის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
სოზარ სუბარის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA -ს თბილისის ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა.
საწარმოში 10 დევნილი დასაქმდება.
TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა პროექტის ფარგლებში ქართულ მხარეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, სამკერვალოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფრიზერის, პრესისა და საშრობი აპარატები, ქსოვილები და ინვენტარი თეთრეულის, ქურთუკებისა და ფეხსაცმლის წარმოებისათვის გადასცა.