საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
კომისიამ პირველ საკითხად ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები განიხილა, რომლებსაც „საპროექტო ჩარჩო გეგმის“ მიღების შემდეგ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება შეეზღუდათ.
საკითხის განხილვას, კომისიის წევრების გარდა, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძე, მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების განყოფილების უფროსი ნინო გვენცაძე და ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარეს – გულიკო ზუმბაძეს დახმარებისთვის მიმართეს.
სხდომაზე გულიკო ზუმბაძემ საკითხი წარადგინა და „საპროექტო ჩარჩო გეგმის“ მიღების შემდეგ მოსახლეობის წინაშე წარმოქმნილ სირთულეებზე ისაუბრა. საკუთარი მოსაზრება მოქალაქეებმაც გამოთქვეს, რის შემდეგაც კომისიის წევრმა-დეპუტატებმა არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგებლებს კითხვები დაუსვეს.
მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს, საპროექტო ნაკვეთების სქემა წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები სახნავ-სათესი დანიშნულებისაა და სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.
საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე მსჯელობის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, კომისიისა და არქიტექტურის სამსახურის ძალისხმევით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც არსებულ ვითარებაში მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.
„სპეციალური „ჩარჩო გეგმის“ მიხედვით მოქალაქეებს სახლის აშენების უფლება შეეზღუდათ. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.
ჩვენ ვიწონებ განაშენიანების გეგმას, მივესალმებით მოსაზრებას, რომ ქალაქის განაშენიანება გარკვეული კონცეფციის მიხედვით უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც იქ მიწის ნაკვეთებს ფლობენ“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, სარეიტინგო ქულების მინიჭების და მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კომისიაში შესული განცხადებები განიხილეს.
განხილვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეები თენგიზ აბალაძე და თამაზ მოდებაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური , ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო შალამბერიძე და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა, მოქალაქეების მოსმენის შემდეგ, სარეიტინგო ქულების მინიჭებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხის შესახებ სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული ახალი წესის უპირატესობებით დაინტერესდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას, ოჯახების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია დაწვრილებით გააცნეს, მის უპირატესობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამოქმედებული ახალი წესის მიხედვით, სუბიექტური შეფასება მინიმუმამდეა დაყვანილი.
სარეიტინგო ქულების მინიჭებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებები სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გამოთქვეს.
საკითხის მოსმენის ბოლოს, გულიკო ზუმბაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს კომისის რეკომენდაციები გააცნო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს.