„პენსიონერების ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენა შეცდომა იყო“

მარტოხელა პენსიონერების ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენა შეცდომა იყო, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, შეცდომა გამოსწორდა და პენსიონერებს გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ.
“არ მოვერიდები ამის თქმას, – ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები ამ ორი თვის განმავლობაში აღმოჩნდნენ მოწყვლად ჯგუფში, თუმცა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ”, – განაცხადა სერგეენკომ.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალური დახმარება 3700 პენსიონერს მოეხსნა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ეს ორთვიანი გაცდენა აუნაზღაურდებათ.
“ეს, მართლაც, შესაბამისად განხორციელდა, მაგრამ სამთვიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოწყვლადი აღმოჩნდა მარტოხელა პენსიონერების ჯგუფი, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ გათვლები, რომლის მიხედვითაც, დღეს მთავრობამ დაადასტურა და მარტოხელა პენსიონერებს ახალი, გაზრდილი კოეფიციენტი მიენიჭათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რამდენიმე დღის განმავლობაში გავაკეთოთ ავტომატურად გადათვლა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები