შსს-მ საინფორმაციო ბროშურები დაარიგა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინფორმირების მიზნით, მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
აღნიშნული საინფორმაციო ბროშურები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დამზადდა.
შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძობს.
დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად ერთვება ცნობიერების ამაღლების კამპანიაში პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 30 ივლისი დააწესა, როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე.
წელს ამ დღეს საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს, რითაც ხაზი ესმება ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებას საკითხის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით.