ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის გადადგომის მოთხოვნით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გაიმართა (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოებამ“ ფეხბურთის ფედერაციასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ტრანსფარანტები მიიტანეს წარწერით: “დასრულდეს უმოქმედობა ქართულ ფეხბურთში“; “დასრულდეს საფეხბურთო კომა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას და გენერალური მდივნის რევაზ არველაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც “კვირას“ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბექა სამუშიამ განუცხადა, მათი პროტესტი და მოთხოვნები ქართულ ფეხბურთში არსებულმა სავალალო მდგომარეობამ განაპირობა. ორგანიზაციის წევრები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, ფედერაციაში არსებული დარღვევებით დაინტერესდნენ და შესაძლო კორუფციული სქემები შეისწავლონ.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები; პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე; მეორე მოთხოვნა არის ის, რომ კონკრეტული სტრუქტურები, მათ შორის პროკურატურა, დაინტერესდეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტებით,მათ მიერ დახარჯული თანხების მიზნობრიობით, ზოგადად, მათი საქმიანობით. გარდა ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს კონკრეტულმა კომპეტენტურმა ორგანოებმა კანონის ფარგლებში მონიტორინგი გაუწიონ საქართველს ფეხბურთის ფედერაციის არჩვენებს, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენი მოთხოვნები განპირობებულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში შექმნილი რეალობით, თუნდაც იმ ფაქტით,რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით 153-ე ადგილზეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი წლებია ელის ეროვნული ნაკრების წარმატებას, თუმცა საფეხბურთო მოედნებიდან ყოველთვის იმედგაცურებულები ვბრუნდებით. უკვე დროა, რომ ჭაობიდან ამოვიდეს ქართული ფეხბურთი და რეალურად დაიწყოს ქართული ფეხბურთის განვითარება, რადგან უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ეროვნულ ნაკრებს, ქართული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. დროა დაიწყოს სასიკეთო გარდაქმნები და ეს უნდა დაიწყოს იმით რომ გადადგნენ ის ადამიანები, რომელთაც პირდაპირი წვლილი მიუძღვით იმ წარუმატებლობაში, რა წარუმატებლობაც დღეს საქართველოს ფეხბურთის წინაშე დგას“, – განუცხადა „კვირას“ ბექა სამუშიამ.
ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოები უეფას სუპერთასის ბილეთების „შავ ბაზარზე“ მოხვედრის ფაქტითაც დაინტერესდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ბილეთების გადამყიდველებს არ უკავშირდება და საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან, რომელშიც შეიძლება ფედერაციის მესვეურები მონაწილეობენ.
„ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ. დიდ ეჭვს ბადებს ის ფაქტი, თუ რა ოდენობის ბილეთები მოხვდა “შავ ბაზარზე“, აქ უკვე იკვეთება კორუფციული სქემის ეჭვი. ამიტომ კონკრეტული ორგანოების მხრიდან უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიების პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, აუცილებელია ამ ადამიანების გადადგომა. დღეს არც ერთი მათგანი არ გამოვიდა გულშემატკივართან სასაუბროდ, იმიტომ რომ მათ რცხვენიათ და არ შეუძლიათ პასუხი გასცენ იმ კითხვებზე, რომელიც 20 წლის მანძილზე დაგროვდა ქართულ საზოგადოებაში. მათი მმართველობა უპირობოდ მოითხოვს დასასრულს. ჩვენი უმთავრესი მიზანი გამარჯვებების ეპოქის დასაწყისია“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები