სტიქიით დაზარალებული ბავშვები დასასვენებლად აჭარაში გაემგზავრნენ
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები დასასვენებლად აჭარაში გაემგზავრნენ. ბავშვები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა გააცილეს.
ბათუმში სტიქიით დაზარალებული 19 ბავშვი გაემგზავრა. ისინი ბათუმში სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში დაისვენებენ. მათი უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად ავტობუსი დაცვის სამსახურმა გააცილა.
„ეს არის თბილისის მერიის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ღონისძიება. ჩვენ მოგვმართეს აჭარიდან და გამოთქვეს სურვილი, რომ სტიქიით დაზარალებული ბავშვების დასვენება უზრუნველყონ მახინჯაურში. აჭარაში გაემგზავრება 30-მდე ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი და მათზე მზრუნველობას აჭარის მთავრობა იღებს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის თბილისის მერიის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები პერმანენტულად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 100-მა ბავშვმა „ჯინო ფერედაისში“ ორი დღე გაატარა. გარდა ამისა, ივნისში 14-მა ბავშვმა ერთი კვირის განმავლობაში დაისვენა ჩაქვში; თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მუშტაიდის პარკში მოაწყო ერთდღიანი ღონისძიება 70 დაზარალებული ბავშვისთვის და ა.შ.