ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, აქცია – „სუფთა საბადურები“ მოეწყობა
თიანეთის „მწვანე მუნიციპალიტეტის“ გამგეობის ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, კვირას, 2 აგვისტოს, 11 საათზე, მასშტაბური დასუფთავების აქცია სახელწოდებით – „სუფთა საბადურები“ გაიმართება. დეპუტატი მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს მიმართავს მსოფლიოს ულამაზესი ტყეების ოცეულში შესული „საბადურის ტყის“ 10-კილომეტიანი მონაკვეთის დასუფთავებაში ჩაერთონ.
„საბადურის ტყე საბადურის ქედზე მდებარეობს. ეს არის ზღაპრული ადგილი, რომელიც თბილისიდან (გლდანიდან) 20 კილომეტრში იწყება და თიანეთის, სოფ. ღულელებამდე (თბილისიდან 30 კმ) გრძელდება. თიანეთი, როგორც „მწვანე მუნიციპალიტეტი“ მესამე წელია მსგავს აქციას ატარებს, რომლის მიზანია მსოფლიოს ულამაზესი ტყეების ოცეულში შესული „საბადურის ტყის“ დასუფთავება. აღნიშნული ღონისძიება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში გარემოსადმი მოფრთხილებით დამოკიდებულების გამომუშავებას, მეორე მხრივ კი – ჩართულობას და კონსოლიდირებას ჩვენი ლამაზი ქვეყნის მოვლის საერთო საქმისთვის“,- აცხადებს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
„სუფთა საბადურების“ მონაწილეები 2 აგვისტოს, 11:00-ზე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ღულელებში შეიკრიბებიან. აქციის დასრულების სემდეგ კი 19.00 საათზე, დაბა თიანეთში, განახლებულ კულტურისა და დასვენების პარკში, თიანეთის ფოლკლორულ ანსამბლ „აონისა“ და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის ანსამბლ „ვიშნიას“ ერთობლივ კონცერტი გაიმართება.