ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა

ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა.
როგორც „კვირას“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით, 69 ადმინისტრაციული ოქმი შედგა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო, 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა. დანარჩენ შემთხვევაში ფულადი სანქციები დაეკისრათ.
“დადგენილების მიხედვით, ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე, პირველ ჯერზე ჯარიმა განისაზღვრება 6000 ლარის ოდენობით. მეორე და ყოველი შემდგომი შემთხვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 12 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტი ერთი და იგივე აფთიაქში ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა, რეგულირების სააგენტო, სასამართლო დადგენილების საფუძველზე უფლებამოსილია აფთიაქს ლიცენზია გაუუქმოს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს, იმ აფთიაქის მეპატრონეს, რომელსაც ლიცენზია უკვე ჩამორთმეული აქვს, სამეწარმეო საქმიანობა იმავე ადგილას, თუმცა ამჯერად სხვა სახელწოდებით დაიწყოს”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია ცვლილებები კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ლიმიტირებული გახდება ფსიქოტროპული აფთიაქების რაოდენობა და ნებართვა გაიცემა მხოლოდ ტერიტორიული პრინციპით:

• თბილისის მასშტაბით, თითო უბანზე გაიცემა მხოლოდ 2 ნებართვა.

• თვითმმართველ ქალაქებში – 50 000 მოსახლემდე გაიცემა 1 ნებართვა. ყოველ შემდგომ 50 000 მოსახლეზე კი დამატებით გაიცემა კიდევ 1 ნებართვა;

• მუნიციპალიტეტებში გაიცემა არაუმეტეს 1 ნებართვისა.

ჯანდაცვის სამინიტროს ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები