ნოდარ ჯავახიშვილი: თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ
“თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ“,-ამის შესახებ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის დაწყებისას ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, საკუთარი მანქანით გადაადგილების საშუალებას, თბილისი ნამდვილად არ იძლევა.
“თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ როგორმე, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან ინტენსიური განვითარება. თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ სამუშაოები შეჩერდა.
„2013 წელს კი ახალი პროექტი ესპანურმა კომპანიამ მოამზადა. პირველი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადდა, თუმცა, ჯავახიშვილის თქმით, მაღალკვალიფიციურმა მშენებლებმა, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა არ მიიღეს და ტენდერი ჩაიშალა. ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ესპანურმა კომპანიამ ASSIGNIA KOBRA გაიმარჯვა“,-განმარტა მინისტრმა. მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.