გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის საკითხზე ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან გამოითქვა, გათვალისწინებულია.
მისივე თქმით, დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავიდან, როდესაც დაიწყო პროცესი, ნამდვილად იყო ხარვეზები სხვადასხვა განცხადების სახით, შემდეგში თვითონ სექტორის მოთხოვნა იყო, პროცესი შენელებულიყო, საკითხი გაგვევლო როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან.
„მთავრობამ მოუსმინა ამ რეკომენდაციებს, ორი თვეა მიმდინარეობს განხილვა, რომელმაც უკვე ეს პროცესი გადაიყვანა აბსოლუტურად კონსტრუქციულ კანონშემოქმედებით პროცესში. ძალიან ბევრი – პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, იქნა გათვალისწინებული.
არსებობს ერთიანი მოდელი, როდესაც ეროვნულ ბანკში არის კონსოლიდირებული საბანკო ზედამხედველობა, ასევე არსებობს განცალკევებული მოდელიც და საქართველოში იქნება განცალკევებული მოდელი“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა, რომელიც პროცესთან დაკავშირებულ სპეკუალციებს არ იზიარებს.
“მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. მე მგონია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ ერთად ვეცადოთ, თუ კიდევ რამე არის ადმინისტრაციული კუთხით, იგივე კადრების შერჩევის კუთხით გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად ერთად კონსოლიდირებულად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ინსტიტუტი იყოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები