„მეწყერულ ტანში დაახლოებით 360 ათასი კუბური მეტრი მასალაა დარჩენილი, რომელიც უხვი ნალექისა და ძლიერი მიწისძვრის პირობებში შესაძლოა, დაიძრას“

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბეთანიის მონაკვეთში მეწყერული სხეულის 2-კვირიანი კვლევის შედეგებზე ისაუბრა. როგორც სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განმარტა, მეწყერულ ტანში დაახლოებით 360 ათასი კუბური მეტრი მასალა კიდევ არის დარჩენილი, რომელიც უხვი ნალექის და ძლიერი მიწისძვრის პირობებში შესაძლოა, დაიძრას.
„2 კვირის განმავლობაში ჩვენი სამუშაო ჯგუფი საველე სამუშაოებს აწარმოებდა ბეთანიის ტერიტორიაზე, მეწყერულ ტანში, მეწყერულ სხეულზე. თუ ხელშემწყობი პირობები იქნება, მეწყერული კერები კვლავ გააქტიურდება. ანალოგიური კვლევები ჩასატარებელია სხვა უბნებზე და მთლიანად ვერეს ხეობა ამ კუთხით გამოსაკვლევია. ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს მეთოდები გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გეოლოგიურ კვლევებს ეფუძნება. დაახლოებით 360 ათასი კუბური მეტრის მასალა არის კიდევ დარჩენილი მეწყერულ ტანში. ეს არის არამყარ და არასტაბილურ მდგომარეობაში, რომელიც უხვი ნალექის და ძლიერი მიწისძვრის პირობებში შესაძლოა, დაიძრას. დაძვრის შემთხვევაში ეს იმ მასშტაბების ნამდვილად არ იქნება, რაც იყო, მაგრამ იმის პროგნოზირება, თუ რა სახეს მიიღებს, რთულია და ეს 2-კვირიანი კვლევის საგანი არ არის. მსგავს კვლევებს ბევრად მეტი დრო სჭირდება და გრძელვადიანი მონიტორინგის საგანია“,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.
თეა გოდოლაძის განმარტებით, მეწყერულ კერებს და მთლიანად ვერეს ხეობას გრძელვადიანი კვლევები სჭირდება.
„აუცილებელია ამ ხეობის მონიტორინგი და კვლევა იმისათვის, რომ შედეგები დავდოთ. თითოეულ მეწყერულ კერას შესწავლა სჭირდება. გრძელვადიანი მონიტორინგია საჭირო, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ და საკადრო ზრდასთან. ეს არის მეტეოროლოგიური სისტემების ხშირი ქსელი როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო რადარების სისტემა. საჰაერო რადარების სისტემაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ ლიდარს, რომელიც მსგავსი კვლევებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა გოდოლაძემ.
კვლვის შედეგებზე “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა მოხსენება კრიზისების საბჭოში უკვე გააკეთეს, უახლოეს დღეებში კი კვლევის შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები