ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დემონტაჟს არ ექვემდებარება

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გლდანის მე-6 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსი დემონტაჟს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ „კვირას“ გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შენობა, რომლის რამდენიმე სართულიც გაზის გაჟონვის შედეგად ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. „ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსი არ მიეკუთვნება „A” კატეგორიის დაზიანებას. ექსპერტიზის დასკვნით, იმ ხარისხის დაზიანება არ არის, რომელსაც უნდა შენობის დემონტაჟი მოჰყვეს. ამავე დასკვნის თანახმად, კორპუსმა მიიღო იმ ხარისხის დაზიანება, რომელიც აღდგენით სამუშაოებს ექვემდებარება. ამ ეტაპზე გადახურვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. კორპუსი უკვე ბჯენებზეა დამაგრებული და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წინა მხარის გამაგრებისთვის უკვე დაიწყო მუშაობა. ვარწმუნებ ყველას, ეს სამუშაოები იმ ხარისხით შესრულდება, რომ საცხოვრისად ვარგისიანი იყოს. ეს ყველაფერი გაკეთებადია“, – აღნიშნა გლდანის გამგებელმა.
მისი თქმით, ამ კორპუსის მე-4 და მე-5 სადარბაზოში მცხოვრები 35 ოჯახი ამ დრომდე სასტუმრო „დეკადაშია“ განთავსებული. გლდანის გამგებელი ამბობს, რომ 6-მა ოჯახმა სასტუმროს ნაცვლად საცხოვრებლად სხვა ბინა აირჩია, მათ ბინის ქირას კი სახელმწიფო უხდის.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, დაახლოებით 35 წლის წინ აშენდა და ე.წ. მოსკოვის პროექტის საცხოვრებელი კორპუსია. კორპუსი ოთხსადარბაზოიანი და 9- სართულიანია. აფეთქების შედეგად დაზიანდა მე- 6, მე-5 და მე-4 სართულების შიდა კედლები. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრ რადიუსში საცხოვრებელი კოპუსის ბინებში მინები ჩაიმსხვრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები