სოზარ სუბარი: მას შემდეგ, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თაღლითები გააქტიურდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები. ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, თაღლითები დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება. სუბარი დევნილებს მოუწოდებს, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, მათ შესაბამის ორგანოებს მიმართონ.
„მას შემდეგ, რაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს ბინები გადაეცემა, თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ, რომლებიც დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამ ბინების მიღება შეუძლიათ. ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში, ან ჩვენ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ეს არის ტყუილი. ვერავინ მიიღებს ბინას ვერც თაღლითობით და ვერც ფულის გადახდით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები