ირინა მილორავა: ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავს განცხადებით, “თელასს” ან სხვა ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკისთვის არ მიუმართავთ.
რაც შეეხება დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, მილორავას თქმით, ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს.
სხდომაზე სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ტარიფის 3,348 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
“სემეკ-მა ტარიფის კორექტირებისას გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი. ძირითადად, ტარიფის კორექტირება განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსი გავლენას ახდენს, ეს არის თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ტარიფის კორექტირებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა მილორავამ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა, რაც დღგ-ის ჩათვლით დაახლოებით, 3,95 თეთრია. კომპანია ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ახალი ტარიფი ძალაში 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა.