ამერიკულმა „დექერტმა“ ნოდარ ხადურის არგუმენტების წინააღმდეგ დასკვნა გამოაქვეყნა

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სასმელების მარკირების შემოღება კიდევ ერთხელ გადაავადა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ნოდარ ხადურ ამის გაკეთება პრემიერის დავალებით უკვე მეოთხედ უწევს.

დღეს  ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებას ვერ გააუქმებს, რადგან ამით  შვეიცარიულ კომპანიასთან, „სიქპასთან“ დადებული ხელშეკრულება დაირღვევა, რაც ქვეყანას დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

 „უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით 2010 წლის აპრილში წინა ხელისუფლების მიერ დადებულია კაბალური ხელშეკრულება,  რომელიც გვავალდებულებს, რომ შემოვიღოთ აღნიშნული მარკირება“. წინა ხელისუფლების მიერ დადებული ხელშეკრულების გაუქმება არის ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა ქვეყნისთვის.
უალკოჰოლო სასმელების მარკირება არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახური თავად დააფინანსებს აღნიშნულ ღონისძიებებს. მიკვირს მეწარმეების, რატომ არიან წინააღმდეგი აღრიცხვიანობის პროცესის. სახელმწიფოსა და კომპანია “სიქპას” შორის არის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც ხელ-ფეხი აქვს შეკრული ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ მან გააუქმოს ან გადახედოს აღნიშნულ ხელშეკრულებას. ეს არის დადებული წინა ხელისუფლების დროს მკაცრი პირობებით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ დაიქირავა ავტორიტეტული ამერიკული იურიდიული კომპანია „დექერტი“, რომელმაც გააანალიზა მარკირების განმახორციელებელ კომპანიასთან შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი.  კომპანიის დასკვნაში ნათქვამია, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების ნაწილში კონტრაქტის მოშლა ან ცვლილება (და შესაბამისად, აქციზური საქონლის ნაწილში კონტრაქტის ძალაში დატოვება), არ გამოიწვევს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას და არ დააზარალებს საქართველოს ბიუჯეტს.

მეწარმეებმა აღნიშნული სამართლებრივი ანალიზი 2015 წლის 11 ივნისს  გადასცეს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურს. ბიზნესმენები, შემოსავლების სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილს და  შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს ვახტანგ ლაშქარაძეს შეხვდნენ, დოკუმენტი გააცნეს და ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე ესაუბრნენ.

დოკუმენტში  განმარტებულია, რომ შემოსავლების სამსახური არაა უფლებამოსილი შევიდეს სხვა უწყების (ფინანსთა მინისტრის) კომპეტენციაში და მესამე პირის წინაშე აიღოს ვალდებულება ფინანსთა მინისტრის მიერ გარკვეული სახისა და შინაარსის ბრძანების გამოცემაზე. ხელშეკრულების დებულება, რომლითაც შემოსავლების სამსახური იღებს ასეთ ვალდებულებას, ბათილია და ასეთი დებულების შეუსრულებლობა შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება.

„ვინაიდან არაალკოჰოლური სასმელი, როგორც არააქციზური საქონელი არასოდეს ყოფილა მარკირებას დაქვემდებარებული, ასეთი საქონლის მარკირების შესახებ კოდექსის დებულებების გაუქმებით სიქპას არ წარმოექმნება დამატებითი ხარჯები და შესაბამისად შემოსავლების სამსახურსაც არ დაეკისრება სიქპასათვის რაიმე დანახარჯის ანაზღაურების ვალდებულება“, – ნათქვამია „დექერტის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში.

სახელშეკრულებო დავები აღნიშნულ თემაზე, მართალია, კერძო არბიტრაჟის მიერ იხილება, მაგრამ იგი განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც პირდაპირაა მითითებული ხელშეკრულებაში.

 ფინანსთა მინისტრის დღევანდელ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, რომ „ბატონ მინისტრს, როგორც მისი კომენტარიდან ჩანს, არ აქვს სწორი ინფორმაცია, ვინაიდან მისი განცხადება არ შეესაბამება რეალურ, ფაქტობრივ მოცემულობას. განსაკუთრებით სამწუხაროა ეს იმ ფონზე, როდესაც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ სპეციალურად სახელმწიფოს სასარგებლოდ შეუკვეთა ძვირად ღირებული, კვალიფიციური და ყოველმხრივი იურიდიული ანალიზი იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს, კერძოდ კი, შემოსავლების სამსახურს აკავშირებს მარკირების განმხორციელებლ კომპანია “სიქპასთან“. ექსპერტების დასკვნით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად გავაცანით და გადავუგზავნეთ კიდეც, ნათლად არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო, თუ მას ამის ნება ექნა, შეუძლია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გააუქმოს ცვლილებათა ის პაკეტი, კანონისა და კანონქვემდებარე აქტების სახით, რომელიც აწესებს არააქციზური საქონლის მარკირების ხსენებულ არარაციონალურ წესებს.

შემოსავლების სამსახურსა და “სიქპას” შორის ხელშეკრულებიდან ცალსახად არის გამორიცხული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება. შემოსავლების სამსახური კიდეც რომ მიიჩნიონ ხელშეკრულების დამრღვევ მხარედ, მას მაინც არ დაეკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის კომპენსაცია, რაც ყველაზე მძიმე ტვირთია. “სიქპას” შეეძლება მხოლოდ მარკირების მომსახურების გაწევის მიზნით მის მიერ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის ოდენობის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა. თუმცა ეს მხოლოდ თეორიული, უკიდურესად დაბალი ალბათობის რისკია.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები