თბილისში, სტიქიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, სტიქიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. იმ ადამიანებს, რომლებიც 13 ივნისს სტიქიის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრები თხოვნით მიმართავენ, რომ მზიურის ტერიტორიაზე შეიკრიბონ. მათი თქმით, შესაძლოა ამ ადამიანებისგან დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ, რომელიც სერგო კაპანიძის პოვნაში დაეხმარებათ.
“13 ივნის მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სერგო კაპანაძის ოჯახსს გვსურს გავაკეთოთ განცხადება და თხოვნით მივმართოდ იმ ადამიანებს, რომლებიც 13 ივნისს იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა და თავი დააღწიეს იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა და ცოცხლები გადარჩნენ.
გვინდა თხოვნით მივმართოთ, რომ შევიკრიბოთ მზიურის ტერიტორიაზე სტიქიის ეპიცენტრში, რათა პატივი მივაგოთ იმ დაღუპულ ადამიანებს, რომელთა ცხედრები ნაპოვნი იქნა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ დაკარგული ადამიანები ოჯახებს, რომელთა ნახვაც ვერ ხერხდება. ჩვენი ოჯახის მზიურის ტერიტორიაზე შეკრების და თხოვნის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სტიქიიდან უკვე 40 დღე გავიდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენი ოჯახის წევრის სერგო კაპანაძის ცხედრის პოვნა. მოხდეს იმ ღამის გახსენება ყველა იქ მყოფი გადარჩენილი ადამიანის მიერ და კიდევ ერთხელ აღვადგინოთ ის სურათი, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და რა მოხდა იმ ღამეს.
რადგან მათი მონათხრობიდან და უშუალოდ მათი მოსმენით შეიძლება ჩვენთვის რაიმე უცხო გარემოება გამოიკვეთოს, იქნებ ვინმემ დაინახა ის დაკარგული ადამიანები, რომლებიც დინებამ წაიღო, სად შეიძლება კიდევ დაიწყოს ძებნა და სხვა გარემოებები, რომლებიც ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია და რაიმე ახალი ხელჩასაჭიდი ფაქტი გამოგვრჩა და ამ ადამიანების მონათხრობის შემდეგ მოხდეს რეაგირება იმ უცნობ დეტალებზე, რომლებიც გამოიკვეთება”, – აღნიშნულია განცხადებაში.