გიგლა აგულაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პროექტის “ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის” მონაწილეებს შეხვდა. მინისტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ სტუდენტებს სამინისტროში უმასპინძლა და მათ გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურა და მასში შემავალი უწყებების საქმიანობა გააცნო. მინისტრმა ასევე სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიება გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტი “ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი” სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლექცია-სემინარებისა და დებატების ჩატარება, ასევე შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან.