თინა ხიდაშელი: ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება მავთულხლართების ადგილი
თქვენ იყავით ხურვალეთში, გქონდათ შესაძლებლობა, XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამ სიტყვებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის მიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილ საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს შეხვდნენ.
ხიდაშელის თქმით, ორი დღის განმავლობაში დონალდ ტუსკის საშუალება ჰქონდა, ენახა საქართველო ისეთი, როგორიც არის.
“ყველა თავისი პრობლემით, ოკუპაციით გამოწვეული პრობლემებით, ყოველდღიური გასაჭირით, მაგრამ იმ სიმხნევით, რომლითაც ყოველი ქართველი დგას და ებრძვის ამ გამოწვევებს, რომელსაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს. თქვენ იყავით ხურვალეთში, გქონდათ შესაძლებლობა, XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან, სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ვიცავთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ვიბრძვით ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე და მის ფარგლებს გარეთ და ქედი მოვიხარო ყველა იმ დედის წინაშე, ვისაც მსხვერპლი ჰქონდა“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ყველა ჯარისკაცს ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოს უნდა სჯეროდეს, რომ საქართველოს სახით ჰყავს ერთგული, საიმედო პარტნიორი, რომელიც მზად არის, იდგეს ყველგან, იბრძოლოს იმ ომში, რომელიც მსოფლიოს მოუტანს მშვიდობას და თავისუფლებას.
“დღეს საქართველო არის იმ ვითარებაში, რომ ევროპის შუაგულში საქართველოდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებით ომია. უკრაინაში ომის ცხელი ფაზაა. საქართველო იყო ნაწილი ყველა იმ ოპერაციის, სადაც კეთილი ნების ადამიანებთან ერთად ცივილიზებული სამყაროს მხარდამხარ ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ, ვიცხოვრებთ უკეთესი მომავლისთვის, სამყაროსთვის, რომელიც თავისუფალი იქნება დესპოტისგან, ავტორიტარიზმისგან. ვიბრძოლებთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც აღარ იქნება ადგილი მავთულხლართების, ომის, ბრძოლის, ტერორიზმის. ქართველები იბრძოდნენ ყველგან ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერაყში, კოსოვოში, ავღანეთში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში გამოხატა მზადყოფნა დადგეს გვერდში ევროკავშირის, გაეროს ძალების, ნატოს ძალების, ყველგან, სადაც უჭირს მსოფლიოს“, – განაცხადა თიან ხიდაშელმა.