საკრებულოში ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსის “თბილისი” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსის “თბილისი” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ლიტერატურული კონკურსი „თბილისი“ თავისი ფორმატით ქართულ სახელოვნებო ლიტერატურულ სივრცეში ერთგვარი ნოვაციაა და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავს.
თამარ ტალიაშვილმა სპეციალურ პრიზებსა და ნომინაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურსში აფხაზი და ოსი ნომინანტებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია. მანვე დამსწრე საზოგადოებას ის რვა ნომინაცია გააცნო, რომელსაც აღნიშნული კონკურსი მოიცავს.
,,პროზისა და პოეზიის გარდა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან არქიტექტურაში, ქანდაკებაში, ფოტოხელოვნებაში, სიმღერასა და ფერწერაში. ასევე გვაქვს ჟიურის სპეციალური პრიზი, რომლითაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ის ნაშრომი დაჯილდოვდება, რომელმაც სხვა ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონკურსის მნიშვნელობაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კონკურსი საკრებულოს ინიციატივით ტარდება და ნომინანტების დაჯილდოება ,,თბილისობის’’ დღეს მოხდება.
,,ვფიქრობ, დედაქალაქმა კულტურული ცხოვრებით კიდევ უფრო უნდა გაიფართოოს თავისი თვალსაწიერი, რასაც მსგავსი კონკურსები უწყობენ ხელს. ჩვენ უნიჭიერესი ხელოვანები და შემოქმედები გვყავს და, ბუნებრივია, მათი აქტიურობა და ქალაქის ღონისძიებებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია’’,-განაცხად
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა – მურაზ მურვანიძემ, რევაზ მიშველაძემ, ნიკუშა შენგელაიამ, ირმა სოხაძემ და სხვებმა კონკურსის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მსგავსი კონკურსები ყველა ხელოვანი ადამიანისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსი ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად ტარდება.
ნამუშევრების მიღება 20 ივლისიდან 10 სექტემბრის ფარგლებში გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო-ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, 30 სექტემბერს, ,,თბილისობის’’ ღონისძიების ფარგლებში მოხდება.