ოთხი წლის იანუკოვიჩი პრეზიდენტობაზე ოცნებობს
ოთხი წლის ბიჭი, სახელად იანუკოვიჩი, უჟგოროდთან, ბოშათა ბანაკში ცხოვრობს. თუ შევადარებთ ჩვეულებრივ ბოშურ დასახლებებს, ბანაკი, სადაც პატარა იანუკოვიჩი ცხოვრობს, ძალიან მშვიდ და მოწესრიგებულ დაბად გამოიყურება. აქ ბოშები აგურის სახლებს აშენებენ. ყველა მოსახლეს აქვს ელექტროენერგია, საკანალიზაციო გაყვანილობა, ასევე მოქმედებს დაწყებითი სკოლა. ბანაკთან მოსახვედრად ერთადერთი დაბრკოლებაა- მოგიწევთ ორი კილომეტრის გავლა უღრანი ტყით.
იანუკოვიჩ ივანოვიჩ ბრეჟენსკის დედა 30 წლის ელენაა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა პატარა ბიჭისთვის ასეთი უცნაური სახელის – იანუკოვიჩის დარქმევა, მან უპასუხა, რომ იმ მომენტში, როდესაც ბიჭი დაიბადა, ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტი გახდა და მშობლებს უნდოდათ, მათი მემკვიდრე ისეთივე ძლიერი და ჯანმრთელი ყოფილიყო. „ახლა კი რას ვიზამთ? უკვე გვიანია რამის შეცვლა“, – დაამატა იანუკოვიჩის დედამ. ახლა პატარა ბიჭუნას მშობლებს მაშინდელი გადაწყვეტილება არ ახარებთ.
„გაზეთები წერენ, რომ როდესაც რევოლუცია დაიწყო, აქ აქტივისტები ჩამოვიდნენ და ჩვენი შვილი სცემეს. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ ყველა კარგად გვექცევა და ბიჭუნასთვის თითი არავის არ დაუკარებია“. როგორც დედამ შვილი დაახასიათა, ის ძალიან ჭკვიანი, უპრობლემო, დამჯერი და მხიარული ბავშვია. მას ძალიან უყვარს გაზიანი ტკბილი სასმელები. თავად პატარა იანუკოვიჩმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ გამოვიდოდა, როცა დიდი გაიზრდებოდა, უპასუხა – იანუკოვიჩი. ხოლო შეკითხვაზე, რა უყვარს ყველაზე ძალიან, უპასუხა – შაქარი. ელენას იანუკოვიჩის გარდა კიდევ ჰყავს 4 შვილი – იგნასიო, ვიტალი, ივანი და ყველაზე პატარა ვლასტა. ელენას მეუღლე ვიტალი მშენებლობაზე მუშაობს. მათ სამ წელიწადში აგურისგან ააშენეს სახლი. ახლა მათ სახლს ავეჯი და რემონტი სჭირდება.