„ეგრემ, იცის ჯაყომა…“ – ცხინვალის თეატრის საჩუქარი და სიურპრიზი მაყურებელს
სოხუმი, ცხინვალი – ფესტივალის პირველი და მეორე დღის ანშლაგები. მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნამდვილად დაიმსახურა. თეატრმა, რომელსაც შენობაც არ გააჩნია, ფოთში მაყურებელს ერთგვარი სიურპიზი მოუწყო. სპექტაკლი „ჯაყო“ – ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის ფონზე ალეგორიულ-მეტაფორულ ფორმატში დანახული ჩვენი ყოფა. მოქმედება სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება. სამივე გმირი კონკრეტული ადამიანიცაა და სიმბოლოც. თეიმურაზი, – განათლებული, არისტოკრატი, ხევისთავთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი, უხეში ძალის მსხვერპლად იქცა. მას არ შესწევს უნარი, შეებრძოლოს ან შეეგუოს დაპირისპირებულ ძალადობას. მისი მეუღლე, – მარგო ყაფლანიშვილი ასევე არისტოკრატი, განათლებული, მიძინებული ქალური ენერგიითაა სავსე, თუმცა უნიათო და უსუსური თეიმურაზის გვერდით, უსიცოცხლო და უმიზნო არსებად იქცევა. თეიმურაზს არ შესწევს ძალა, გაუმკლავდეს მოძალადე, ხეპრე, უმეცარ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერ ჯაყოს, რომელმაც მთელი მათი ქონება, საგვარეულო მამული მიითვისა და ბოლოს მისი ცოლი მარგოც კი ცხოველური ინსტინქტით დაიმორჩილა.
სპექტაკლი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა, მხატვარი – ქეთევან ციციშვილი, კომპოზიტორები და მუსიკალური გამფორმებლები ალექსანდრე და დალი დოიჯაშვილები.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის თეატრები.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება, მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.