თეა წულუკიანი: საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში პროკურატურის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებენ

ვენეციის კომისია, პროკურორთა საბჭოს ასოციაცია და ეუთო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროკურატურის შესახებ ცვლილებებს დადებითად აფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის მიერ შემუშავებული პროკურატურის შესახებ რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეფასებულია რეფორმად, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
„იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს რეფორმებს, აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ჩვენი სამართლებრივი სივრცე იყოს უფრო ცივილიზებული, ევროპული და ადამიანის უფლებებზე, გამჭირვალობაზე დაფუძნებული, ამიტომაც, მოვითხოვე ვენეციის კომისიისგან, პროკურორთა საბჭოს ასოციაციისგან და ეუთოსგან ერთობლივი ანგარიში და შეაფასეს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროკურატურის შესახებ ცვლილებები. მთლიანობაში, ისინი ამბობენ, რომ ეს რეფორმა სწორი მიმართულებით მიმავალი რეფორმაა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ისინი კანონპროექტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მისასალმებელია პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო კონფერენციის შექმნა და ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში საპროკურორო საბჭოს შექმნის იდეა. ამიტომაც, ჩვენ უკვე ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს, პარლამენტში დისკუსიები განახლდეს და ეს პროექტი რაც შეიძლება მალე იქცეს კანონად, რომ ჩვენ წლის ბოლომდე გვყავდეს ახალი წესით შერჩეული საქართველოს მთავარი პროკურორი.
ამ ერთობლივი ანგარიშიდან გამომდინარეობს ის, რომ გარკვეული ცვლილებები ამ რეფორმაში ჩემივე ინიციატივით იქნება შეტანილი. მაგალითად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მოდელი, რომელიც მას შეუფასებია დადებითად, იმ მოდელებში, საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა სწორედ პროკურორებს აქვთ, რადგან პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ჩვენი იდეაა, რომ საპროკურორო საბჭოში გაჩნდეს რვა პროკურორი, რომელსაც აირჩევს საპროკურორო კონფერენცია. იუსტიციის მინისტრი კვლავ უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს და ჩართული იქნება მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ შემოთავაზებას, რომ მინისტრმა ერთის მაგივრად ორი კანდიდატი წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს. ჩვენ გვაქვს იდეა, საპროკურორო საბჭოში მოვიწვიოთ საქართველოს ომბუდსმენი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ახალი რეფორმის ფარგლებში, საპროკურორო საბჭოში მოსამართლეც იქნება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.
“გვინდა ასევე ახალი წევრი შემოვიყვანოთ საბჭოში. ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლე, რის შესახებაც ქალბატონ ნინო გვენეტაძესთან კონსულტაციები უკვე მქონდა. ის მოხარულია, რომ საპროკურორო საბჭოში სასამართლოს ელემენტი გაჩნდება. ჩვენ 2-დან 3 წევრამდე ვზრდით აკადემიური წევრებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს. რეალურად, ეს იქნება საბჭო, სადაც პროკურორებს დიდი წარმომადგენლობითობა ექნებათ და იქნება საქართველოს ომბუდსმენი. ასევე, იქნება მეტი აკადემიური წევრი და საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ეს საბჭო, თუ პარლამენტი იდეას გაიზიარებს, 15 წევრისგან იქნება შემდგარი. პროცედურა იქნება იგივე – საბჭო, მთავრობის რგოლი და პარლამენტი, უბრალო უმრავლესობით, წლის ბოლომდე აირჩევს ახალ მთავარ პროკურორს. მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას. პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივა გრძელდება და პარლამენტარებს, ვინც ამას მხარს დაუჭერს, მინდა წინასწარ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები