"დიდი შვიდეული" რუსეთს ყირიმიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებმა საერთო განცხადება გაავრცელეს. „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთს ყირიმის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით ყველა ძალისხმევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ლიდერები და ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ყველა ძალისხმევა ყირიმის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის რეფერენდუმის მხარდაჭერა მისი სტატუსის თაობაზე, რაც უკრაინის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა”, – ნათქვამია “დიდი შვიდეულის” ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გავლენის გარდა, ყირიმის ანექსიას სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივ სისტემაზე, რომელიც ყველა სახელმწიფოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს იცავს. “თუ რუსეთის ფედერაცია მაინც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად”, – აღნიშნულია “დიდი შვიდეულის” მიერ მიღებულ განცხადებაში.
“დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლდიერები რუსეთის ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე კონფლიქტის დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ და რუსი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებენ.