პროკურატურამ ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნო
პროკურატურამ ლიკა კიკიანი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, ოფიციალურად დაზარალებულად ცნო, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ლიკა კიკიანი პროკურატურაში გუშინ დაიკითხა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ლიკა კიკიანს საია-ს იურისტი იცავს. საიას ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებას კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ხვალ ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.