გრიგორი კარასინი: საზღვარი არსად გადაწეულა, თავის ადგილზეა – პროვოკატორებს ლოგიკურ პასუხს გავცემთ

„საზღვარი არსად გადაწეულა, ვნახოთ რუკები და აღვადგინოთ სამართლიანობა“,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას განაცხადა და სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებული ბანერები პროვოკაციად შეაფასა.

“ამ საკითხით 7 წელია დაკავებული ვარ. რაც ამ დღეებში მოხდა, განვიხილავ მხოლოდ პროვოკაციად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების წინააღდეგ. ყველა სასაზღვრო ნიშანი, რომელიც იქ იყო 8 აპრილამდე, იყო აღდგენილი. ახლა, როგორც ვიცი, ისევ მოხსნეს. თბილისში მოქმედებს ძალა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ურთიერთობათა ნორმალიზებას რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. საზღვარი არსად გადაწეულა, თავის ადგილზეა. შესაძლებელია ამ ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა. 8 აპრილამდე იქ იყო სასაზღვრო ნიშნები, უნდა ვიპოვოთ, ვინ გაანადგურა, ისინი არიან პროვოკატორები. არაფერი არსად არ გადაიტანეს, ყველა ნიშანი, რომელიც კეთდება, დოკუმენტირებულია. უნდა დავსხდეთ, ვნახოთ რუკები და აღვადგინოთ სამართლიანობა. ჩვენ გვაქვს მოთმინება და სიმტკიცე, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობათა ნორმალიზების კურსი. პროვკატორებს კი ლოგიკურ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები