რიზეში ავტოავარიის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
საქართველოს მოქალაქე – ციური მიქელაძე, რომელიც ქალაქ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, სამშობლოში გადმოასვენეს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის დახმარებით გარდაცვლილის გადმოსვენება დღეს გამთენიისას მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
როგორც „კვირას“ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსოლოს კონსულმა გიორგი ყუშიტაშვილმა განუცხადა, საქართველოს 2 მოქალაქე ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.