რიზეში ქართველი ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტს თურქული მხარე გმობს
თურქეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს, რომლებიც ქალაქ რიზეში მომხდარი ავარიის გასაშუქებლად ჩავიდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქართველი ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თურქულმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თურქული მხარე მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საქმეში ჩართულია ტრაპიზონის გენერალური საკონსულო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. დაკითხვას ტრაპიზონის გენერალური კონსული ავთანდილ ნიქაცაძეც ესწრებოდა.
„რიზეში ოპერატორთან ერთად ავარიის გასაშუქებლად ჩავედით. საავადმყოფოში მივედით და ვეძებდით თვითმხილველებს, სწორედ ამ დროს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ამის შემდეგ ტექნიკა დაგვიმტვრიეს და კასეტაც წაგვართვეს “, – აღნიშნა ჟურნალისტმა თეა ვაშალომიძემ.
მომხდარი ინციდენტის გამო, ჟურნალისტები გვიან ღამემდე თურქეთის ქალაქ რიზეს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რის შედეგადაც საქართველოს ერთი მოქალაქე – ციური მიქელაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.