ლაგოდეხის რაიონის სოფელ გელათში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა
ლაგოდეხის რაიონის სოფელი გელათში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა. დაავადების გამო დასახლებაში დაიხოცა პირუტყვი. სამი ადგილობრივი კი მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.
გელათის მოსახლეობა დაავადებას საკუთარი ძალებით უმკლავდება. ადგილობრივები რაიონის გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, ინფექციამ ეპიდემიის სახე მიიღოს და ახლომდებარე სოფლებშიც გავრცელდეს.
ადგილობრივები კარანტინის გამოცხადებას ითხოვენ. თუმცა, გართულებული ვითარების მიუხედავად, სპეციალური ტექნიკა სოფელში არ შესულა.
სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანების ჯილეხით დაავადება მათივე დაუდევრობის შედეგად მოხდა.
რაიონის გამგებლის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხი არ განიხილება.