„ყაზტრანსგაზი“: ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ კორპუსიდან არც ერთი გამოძახება არ შემოსულა
ბოლო სამი თვის განმავლობაში, გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსიდან არც ერთი გამოძახება არ შემოსულა, – ამის შესახებ „კვირას“ „ყაზტრანსგაზის“ სპეციალურმა მმართველმა ნინო თურმანიძემ განუცხადა.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული კორპუსიდან ერთი ზარი მხოლოდ გუშინ დაფიქსირდა, სადაც კომპანიის საავარიო ბრიგადა უკვე აფეთქების მომენტში მივიდა. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი აფეთქების მიზეზად „ყაზტრანსგაზის“ ქსელიდან გაჟონვასა და აფეთქებას კატეგორიულად უარყოფს.
„შემიძლია გითხრათ ის, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ კორპუსიდან არც ერთი გამოძახება არ ყოფილა. გუშინ დაფიქსირდა ერთი ზარი, თუმცა საავარიო ბრიგადა აფეთქების მომენტში მივიდა და ადგილზე ბუნებრივი აირი მაშინვე გადაკეტეს. ჩვენი მილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გამორიცხულია. მიწისქვეშა გაჟონვა შეიძლება მოხდეს მიწისქვეშა გაზსადენიდან. ჩვენ იმ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გაზსადენი არ გვაქვს. მილები არის სადარბაზოებში დამონტაჟებული, რაც ნიშნავს, რომ სადარბაზო ნიავდება და გამორიცხულია, აქედან მომხდარიყო.
თუ გამოძიებით დადგინდა, რომ აფეთქება ნამდვილად ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, იმ შემთხვევაში, აფეთქება კონკრეტულ ბინაში, დახურულ სივრცეში, კონკრეტული დანადგარის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად მოხდა“,- განაცხადა ნინო თურმანიძემ და დასძინა.
მისი თქმით, კორპუსში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ კომპანია ბუნებრივი აირის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს, იმ შემთხვევაში, თუკი კორპუსში ცხოვრება უსაფრთხო იქნება.
შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ორი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ დაშავდა, ცოლ-ქმარი კი – მსუბუქად, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაზარალებულებს შორის იყო ორსული ქალბატონიც, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა პირად ექიმთან კონსულტაცია მაინც გაიარა. კორპუსის შიდა ნგრევის შედეგად 45 ოჯახი დაზარალდა. დაზარალებულები გუშინ გლდანის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სამი დღის განმავლობაში სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი იდგა, კომპანიის „ცხელ ხაზზე“ რეკავდნენ, თუმცა მათგან რეაგირება არ მომხდარა.