დავით დონდუა თურქეთის სტრატეგიული კვლევის ორგანიზაციაში სიტყვით გამოვიდა

   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ თურქეთის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ორგანიზაციის International Strategic Research Organization (USAK) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები” მონაწილეობა მიიღო. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ორგანიზაციის მკვლევარები, ანკარის დიპლომატიური კორპუსისა და თურქული მედიის წარმომადგენლები.
დავით დონდუამ გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დეტალებზე. დონდუამ მიმოიხილა არსებული სიტუაცია და ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დროულად ხელმოწერისა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლის აუცილებლობას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური გზა ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებაა.
დავით დონდუამ, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში, ქართულ-რუსული ურთიერთობები. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია ამ და აუდიტორიისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე. დისკუსიის დროს დიდი ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე, მის შესაძლო გამოძახილზე რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგზე. თურქეთის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა და მისი ინტერესების ძირითად სფეროს უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები