მედია: კიშინიოვის მერს რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მერს, იონ ჩებანს, რუმინეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა,- ინფორმაცია, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
წყაროების ცნობით, რუმინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩებანი „რუმინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“.
ამ დროისთვის არც თავად ჩებანს და არც მისი პრესსამსახურის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჩებანი ამჟამად პარტია „ეროვნული ალტერნატიული მოძრაობის“ (MAN) ლიდერია. 2019 წელს მან კიშინიოვის მერის არჩევნებში პრორუსი სოციალისტების მხარდაჭერის წყალობით გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა. 2021 წლის ბოლოს მან საკუთარი პოლიტიკური ძალა შექმნა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.