დავით მათიკაშვილი: ერთი დიდი ალიაქოთია ოპოზიციაში, ვერ მალავენ იმ უდიდეს ნეგატივს, რომელიც დევს ამ სივრცეში
,,აქამდე არსებულ პროცესებში მაშინ, როდესაც წინა არჩევნები იყო და ერთმანეთის ნამოქმედარზე და საქმეებზე ხმას არ იღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ კორუფციას”, – ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ,,ლელოსთან” დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციაში დიდი ალიაქოთია.
„ერთი დიდი ალიაქოთია ოპოზიციაში, ვერ მალავენ იმ უდიდეს ნეგატივს, რომელიც დევს ამ სივრცეში და ხან ერთი აბრალებს მეორეს, ალბათ სავსებით სამართლიანადაც, ხან მეორე ეუბნება და ვერ იმართლებს პირველის წინაშე თავს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ საზოგადოების მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება წერტილდასმული და პასუხგაცემული იმ უდიდესი მარცხით, რომელსაც რადიკალები საქართველოში მიიღებენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ,,ნაცმოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ, „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.