ლეგენდარულ პიანისტთან, მარინა მდივანთან საჯარო შეხვედრა გაიმართება
7 ივლისს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ შემსრულებლთან, ლეგენდარულ პიანისტთან, მარინა მდივანთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
მარინა გოგლიძე-მდივანი დაიბადა 1936 წელს ქ.თბილისში ცნობილი მოჭადრაკის ვიქტორ გოგლიძის ოჯახში. სკოლა 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა. 1955 წელს კი სწავლა სპეციალიზირებულ მუსიკალური ათწლედში დაასრულა, სადაც იგი ცნობილი პედაგოგის, ევგენია ჩერიავსკაიას კლასში ირიცხებოდა. იმავე წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში და სწავლა პროფესორ იაკობ მილშტაინის ჯგუფში განაგრძო, 1958 წლიდან კი მისი პედაგოგი ემილ გილელსი გახდა.
1960 წელს მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია წითელ დიპლომზე დაამთავრა და სწავლა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში განაგრძო, ამავე წელს პოლიტიკური მიზეზების გამო მას უარი უთხრეს ბრიუსელის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე.
1961 წელს, პარიზში მარგარიტა ლონგის და ჯაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, შემდეგ წელს კი ერთ-ერთი ყველაზე რთული, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ამავე წელს, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ვლადიმირ აშკენაზი და ჯონ ოგდონი. 1963 წელს მდივანმა დაასრულა ასპირანტურა და გაემგზავრა ტურნეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ტურის კულმინაცია კი კარნეგი ჰოლში შედგა.
მისი რეპერტუარი მოიცავს დაახლოებით 40 კონცერტს და დიდი რაოდენობის მცირე ინსტრუმენტული ჯგუფის ნაწარმოებებს, ხშირად კი საკონცერტო პროგრამები უჩვეულოა.
1992 წლიდან მარინა გოგლიძე-მდივანი მონრეალში აკადემიურ საქმიანობას ეწევა, იგი მაკგილის უნივერსიტეტის წარმატებული პროფესორია. ბევრი მისი სტუდენტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსებისა და დაჯილდოებების გამარჯვებულები არიან.