შემეცნებითი კონკურსის „თაობა L“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
7 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის „თაობა L“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პროექტის გამარჯვებული გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს – 1000 ლარს მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ყველა ფინალისტი დაჯილდოვდება. დაჯილდოვების შემდეგ დაგეგმილია გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია „გზა“, რომელიც წიგნიერების მნიშვნელობას მიეძღვნება. შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის 23 აპრილს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ჟანრის და სტილის წიგნები შეარჩიეს. პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.