ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა მამული დაათვალიერა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილში ქართველთა სასაფლაო და მამული დაათვალიერა.
ნოდარ ხადურის თქმით, ლევილის ქართველთა მამულს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
“ლევილი არის ადგილი, სადაც ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები თითოეულ დღეს ფიქრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დღეს ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მათი ფიქრები ევროპულ საქართველოზე რეალიზებული იყოს”, – განაცხადა ხადურმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრების, კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი ჟურულის საფლავები ყვავილებით შეამკო.
ამავე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ნოე ჟორდანიას შვილს, ასოციაცია “ქართული კერის” თავმჯდომარეს, ნათელა ჟორდანიას და ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზის შეხვდნენ.
ნათელა ჟორდანიამ ფინანსთა მინისტრს ქართველთა მამულისა და სასაფლაოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“ჩემთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში. სწორედ ამ კედლებში ინახება საქართველოს ისტორია. რაც შეეხება მის მომავალს, მინდა ეს ადგილი შენარჩუნდეს როგორც ხიდი აწმყოსა და იმ წარსულს შორის, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო. გვინდა მომავალი თაობებისთვის მუდამ ცოცხლობდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოგონებები. საქართველოში დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპასთან ინტეგრაციაზე და ვფიქრობ, სწორედ ეს ადგილია საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპის დაახლოებისათვის”, – განაცხადა ნათელა ჟორდანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები