პრემიერი: ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ ჩამორთმეულ ქონებებს ვალუტაში დავაკონვერტირებთ

„დღეს ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ 9-წლიანი რეჟიმის დროს ჩამორთმეულ ქონებებსა და ბიზნესებს ვალუტაში დავაკონვერტირებთ და ჩვენს მოქალაქეებს თანხის სახით დავუბრუნებთ“,- ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ინტერვიუში საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა და დასძინა, რომ ქვეყანას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
„ამას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდება და ამან შეიძლება ისეთი კოლაფსი გამოიწვიოს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე დადგეს. როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ დაგხვდა ათასობით დაჩაგრული, უფლებაშელახული, შეურაცხყოფილი მოქალაქე . ბოლო 9 წლის განმავლობაში 320 ათასი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული, ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესი, ჩამოართვეს ქონება და ა.შ. სწორედ ამიტომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ 9- წლიანი დანაშაულებრივი სისტემის არქიტექტორები, სააკაშვილით დაწყებული და სხვა მაღალი თუ საშუალო თანამდებობის პირებით დამთავრებული, პასუხისგებაში მიეცნენ და კანონის ძალით დაისაჯნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანს დაუბრუნა დარღვეული უფლებები და სამართლიანობა. 17 ათასი პატიმარი ამნისტიის შედეგად ციხეებიდან გავათავისუფლეთ, უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დავუბრუნეთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება ხელისუფლების ერთ- ერთი მძიმე გამოწვევაა.
მისივე თქმით, ახლანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა. „ჩვენ ვერ გავიმეორებდით იგივე შეცდომას, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დაუშვა და ვერ დავიჭერდით ათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულნი იყვნენ 9-წლიან დანაშაულებრივ სისტემაში. ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები ერის კონსოლიდაციისა და გამთლიანებისაკენ. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ზედმეტად გახლეჩვა და დაყოფა, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში ისედაც ბევრი პრობლემა გამოვიარეთ“,-დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები