საბერძნეთში დღეიდან ყველა ბანკი და ბირჟა დაიხურა

საბერძნეთში ერთი კვირით ყველა ბანკი და ბირჟა დაიხურა, ხოლო ბანკომატებიდან დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეიძლება. ტურისტებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.
საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული იყო. ეს გადაწყვეტილება მიეღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტორებთან კომპრომისი არ შედგა.
ეს შეზღუდვა ასევე საერთაშორისო ფულად გადარიცხვებს შეეხება. საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე უკვე მოახდინა რეაგირება მეზობელი მაკედონიის ხელისუფლებამ. მაკედონიის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის კომერვიულ ბანკებს საბერძნეთიდან სასხსრების გატანის რეკომენდაციით მიმართა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთს გადაწყვეტილების მიღების სუვერენულ უფლებას ართმევენ. ციპრასმა იგულისხმა საბრძნეთისთვის დახმარების პროგრამის ერთი თვით გაგრძელებაზე ევროზონის ფინანსთა მინისტრების უარი. ამ თარიღის გადადება ციპრასმა საბერძნეთში 5 ივლისს საერთაშორისო კრედიტორებთან ურთიერთობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების გამო ითხოვა.
საბერძნეთმა სავალუტო ფონდს 30 ივნისამდე 1.6 მილიარდი ევრო უნდა დაუბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა უკვე განაცხადა, რომ გადაუხდელობის შესახებ ის ფონდის აღმასრულებელ საბჭოს აცნობებს. ეს, თავის მხრივ, საბერძნეთის დეფოლტს გამოიწვევს ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის წინაშე, რომელიც 131 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები