ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ერევანში დენის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. 29 ივნისის ღამემ მშვიდად ჩაიარა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. პოლიციას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რადიკალური ზომებისთვის არ მიუმართავს.
მომიტინგეებთან ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი მივიდა. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ღამის საათებში სიჩუმე შეენარჩუნებინათ, ვინაიდან, მისი თქმით, „ხმამაღალი მუსიკა და გამოსვლები მეზობლად მცხოვრებ ხალხს აწუხებს“.
პოლიციამ აქციის ერთი მოანაწილე – 1993 წელს დაბადებული არამ აკოპიანი დააკავა, ვინაიდან ის შეკრებილებს შეიარაღებული მოქმედებისკენ მოუწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს ხელისუფლებამ მოუწოდა მომიტინგეებს ერევნის თავისუფლების მოედანზე გადასულიყვნენ, თუმცა ეს მოწოდება მხოლოდ მომიტინგეთა ნაწილმა გაითვალისწინა. კვირასვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა „სომხეთის ელექსტროქსელებში“, რომელიც რუსული „რაოს“ შვილობილი კომპანიაა, აუდიტის ჩატარების შესახებ განაცხადა. ამ შემოწმების დასრულებამდე კი ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი დარჩება.
ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეათე დღეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები