გაიცანით ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც თავს არ უხრის ვლადიმერ პუტინს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 31 წლისაა, მაგრამ მისთვის გასაგებია პუტინის რუსეთის ნაცვლად დასავლეთთან დაახლოებასთან დაკავშირებული რისკები.
„მე მართლაც მინდა გადავაქციო ჩემი ქვეყანა თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ. ეს არის ჩემი ოცნება“.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი მშობლიური საქართველო სწორედ მაშინ იწყებდა ძალების მოკრებას – ის ფეხზე წამოდგომას იწყებდა იმ ათწლეულების შემდეგ, რომელიც გამანადგურებელი აღმოჩნდა საბჭოთა სატელიტი ქვეყნისთვის. ღარიბაშვილის სახლში არც ელექტროენერგია იყო და არც – გაზი. მას სანთლის შუქზე უწევდა სწავლა.
ასე ცხოვრობდა ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლობა ახალი გამოცხადებული იყო და რომელიც კორუფციაში, ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისსა და სამოქალაქო დესტაბილიზაციაში იყო ჩაფლული.
ღარიბაშვილი ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრია და, 31 წლის ასაკში, ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული მთავრობის მეთაურია. მისი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, ერთ დროს მყარად იყო ორიენტირებული აღმოსავლეთისაკენ – მისი მმართველებისაკენ მოსკოვში. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა მტკიცედ არის ორიენტირებული დასავლეთისკენ.
ღარიბაშვილის მთავრობის ყურადღება, როგორც თავად ამბობს, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებისკენ და, ამავე დროს, ნატოსთან ინტეგრაციის უზრუნველყოფისკენ.
„მე მართლაც მინდა გადავაქციო ჩემი ქვეყანა თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ“, – ამბობს ის და გულდასმით არჩევს სიტყვებს. „ეს არის ჩემი ოცნება.“
ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის საჭიროა თბილისსა და მოსკოვს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება. საქართველოს წარმატებები გზამკვლევია მასთან ახლოს მდებარე ურაინისთვის, რომელსაც პროდასავლური ლიდერები ჰყავს და რომელიც რუსეთის ჩექმიდან გამოსვლის გზებს ეძებს, მათ შორის, ჯარით.
ღარიბაშვილი კარგად ხედავს იმ რისკს, რომელიც მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ძალაუფლება 2004 წელს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოიპოვა, ედუარდ შევარდნაძე გააძევა პოლიტიკური არენიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, სააკაშვილმა დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით, რითაც რუსეთის რისხვა გამოიწვია.
2008 წელს, ქართულ ჯარებს რამდენიმე უმნიშვნელო შეტაკება ჰქონდა სეპარატისტულ ძალებთან, სამხრეთ ოსეთის რეგიონში. რუსეთი ჩაერია მეამბოხეთა დასაცავად და ქართული შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიიდან გააძევა. თბილისმა და მოსკოვმა გაწყვიტეს დიპლომატიური კავშირები, ამის შემდეგ კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს სცენარი შეიძლება ყირიმშიც განმეორდეს.
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპასთან მისი ქვეყნის მზარდი ინტეგრაცია თანდათან დაარწმუნებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს, რომ საქართველოში დაბრუნება მათ ინტერესებში შედის.
თბილისი გეგმავს ევროკავშირთან ე.წ. „ასოცირების შეთანხმების“ ხელმოწერას აგვისტოში, რაც უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივასთან. ღარიბაშვილის პროგნოზით, შემდგომი 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე მოგზაურობა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების ხარჯზე სწრაფად გაძლიერდება ქვეყნის ეკონომიკა. ის დარწმუნებულია, რომ ამგვარი შეღავათებით სარგებლობის სურვილი გაუჩნდებათ სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებსაც.
„ისინი დაინახავენ განსხვავებას ცხოვრების დონეში“, – ამბობს ღარიბაშვილი. „დაინახავენ, როგორ ცხოვრობენ ისინი აფხაზეთსა და ოსეთში, და ნახავენ, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველები“.
მთელი ეს სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია ღარიბაშვილს იმ ხედვის რეალიზაცია, რომლითაც მას საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური და ბიზნესის ცენტრად გადაქცევა წარმოუდგენია.
ღარიბაშვილი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე ბიზნესმენი იყო, სიამაყით აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გვთავაზობს პოლიტიკურ სტაბილურობას, იაფ სამუშაო ძალასა და ბიზნესზე მორგებულ მარეგულირებელ სტრუქტურებს. ის მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%-ით მაინც გაიზრდება.
ღარიბაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც არ გაზრდილა და არ უცხოვრია საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი.
უკრაინის ზოგიერთი მომავალი ლიდერი, ალბათ, დაახლოებით ამავე ასაკისა იქნება და, სავარაუდოდ, ანალოგიურ გამოცდილებას შეიძენს. საქართველო უფრო ახლოსაა ირანთან და ერაყთან, ვიდრე პარიზსა და ლონდონთან. მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის წარმატების შემთხვევაში, მისი ქვეყანა მაინც ევროკავშირის ნაწილი გახდება. ამგვარი მიღწევა არ იქნება დაკარგული ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდა ლიდერების თანდათანობით მოსვლით.
ასეთი მიღწევა იქნება მაგალითი ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც თანდათან მოვლენ ხელისუფლების სათავეში აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი“, – ამბობს ღარიბაშვილი. „ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ გზა“.

წყარო: http://www.thestar.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები