რუსეთში პირველი ლგბტ ქორწინება გაიმართა
სანქტ – პეტერბურგში, რუსეთში პირველად ოფიციალური ლგბტ ქორწინება გაიმართა. შეუღლდა ორი პატარძალი – ირინა შუმილოვა და ალიონა ფორსოვა. ისინი ქორწინების ერთ-ერთ სასახლეში შეუღლდნენ. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ოფიციალური რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთ-ერთი პატარძალი – ირინა ჯერჯერობით „ბოლომდე“ ქალი არ არის. ის ტრანსგენდერია და სქესის კორექციის პროცესში იმყოფება. თუმცა ის გამოიყურება ქალივით და სამსახურში ქალის ტანსაცმლით დადის. ირინა პროგრამისტად მუშაობს. ამჟამად ის ჰორმონოთერაპიის კურსს გადის და მალე მამაკაცის სქესს ქალის სქესით შეიცვლის. „ეს დიდი ნაბიჯია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენს უმეტესობას ქორწინების დაკანონება სურს, მაგრამ რუსეთში ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს ჩვენთვის ოცნების რეალიზაციაა. იმედი გვაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა მალე ბევრს ექნება“, – განაცხადა ქორწინების ერთ-ერთმა მოწმემ მარინა ტეოდორიმ, რომელიც ასევე ლგბტ საზოგადოებას ეკუთვნის. სტუმრებს შორის იყვნენ პატარძლების ახლო მეგობრები. მათი ნაწილი ლგბტ-ს ეკუთვნოდა, ნაწილი კი ჰეტეროსექსუალურ წყვილებს წარმოადგენდნენ.