ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდი „ლაბუნი“ შემოვიდა – ფოტოკოლაჟი
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ შემოვიდა. ამერიკული სამხედრო ხომალდის დახვედრის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გენერალური შაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მოგვიანებით ხომალდის კაპიტანმა ქრისტოფერ მექკელუმმა სტუმრებს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და გემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.
„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია. სამხედრო ხომალდი შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის და სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. „ლაბუნი“ ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.