იემენში კონფლიქტის დაწყებიდან 2 ათას 800 ადამიანი დაიღუპა
იემენში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის მომენტიდან 2 800 ადამიანზე მეტია დაღუპული, 13 ათასი კი დაიჭრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ო’ ბრაიენმა განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არის.
„სურსათის, მედიკამენტების, საწვავის დეფიციტი ქვეყანას ანადგურებს. 21 მილიონ ადამიანზე მეტი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს“, – აცხადებს ო’ბრაიენი.
მისი თქმით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ადამიანის სიცოცხლის სრული უგულებელყოფა გამოავლინეს, როდესაც დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებზე, ელექტროსადგურებზე და წყალმომარაგების სისტემებზე. იემენის ხელისუფლებას და შიიტ ამბოხებულებს შორის დაპირისპირება გასული წლის აგვისტოში გააქტიურდა. 26 მარტიდან იემენის პრეზიდენტის აბდ რაბო მაბნსურ ხადის თხოვნით, საუდის არაბეთმა და რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ხუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები დაიწყეს.