რუსეთის პატრიარქი – რუსეთის გარეშე სომხები ვერ გადარჩებოდნენ

მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სომხეთი და სომხები რუსეთის გარეშე ვერ გადარჩებოდნენ და ვერც მომავალში გადარჩებიან. ამის შესახებ პატრიარქმა მოსკოვის ოლქის მართლმადიდებელი ტაძრების მიტროპოლიტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„სომხეთის სახელმწიფოს შექმნის მომენტიდან ჩვენ ამ ერს ვიცავთ. ერს, რომელიც მართლმადიდებელი არც კი არის. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა სომხეთი რუსეთის სახელმწიფოს ნაწილად და სომხებს ცივ ნიავსაც არ ვაკარებდით. ასეთ რთულ გარემოცვაში სოხეთი რუსეთის გარეშე ვერ გადარჩებოდა. ახლა კი შეხედეთ, როგორ იცვლება ყველაფერი, როგორ ცვლის ბოროტება სიკეთეს. თურმე ჩვენ დაგვიპყრია სომხები, წავართვით ის, რაც მათ ჰქონდათ. როდესაც სომხებს ოსმალეთის იმპერია ავიწროებდა, კათოლიკურ სამყაროს მათ შესახებ არც კი გახსენებია. ახლა კი სომხები იმ ქვეყნების დაკრულზე ცეკვავენ, რომლებმაც ისინი ძნელბედობის ჟამს მიატოვეს. მინდა ვუსურვო სომეხ ხალხს მშვიდობა, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთის გარეშე ის ამ მიწაზე ვერ იარსებებს, მიწაზე, რომელიც მათი გადამრჩენების – რუსი მართლმადიდებელი ჯარისკაცების სისხლით არის მორწყული“, – განაცხადა კირილმა.

შეგახსენებთ, ერევანში უკვე ერთი კვირაა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები დენის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ. „სომხეთის ერთიანი ენერგოსისტემა“ რუსულ კომპანია „რაო“-ს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები