უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის უფროსმა სააკაშვილს „ყბედი“ უწოდა (ვიდეო)
უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დენის ანტონიუკმა მიხეილ სააკაშვილს „ყბედი“ უწოდა. კონფლიქტი ჩინოვნიკებს შორის სპეციალური კომისიის სხდომაზე მოხდა, რომელიც რამდენიმე უკრაინული კომპანიის განაცხადს განიხილავდა. ესენია: „ატლასჯეტი“, МАУ და „დნეპრავია“.
საბოლოო კენჭისყრამდე საავიაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სააკაშვილს აზრის გამოთქმა შესთავაზა. თავდაპირველად სააკაშვილმა უარი თქვა, რაც იმით ახსნა, რომ არ სურდა კომისიის წევრებზე ზეწოლა მოეხდინა, თუმცა მოგვიანებით ის სიტყვით მაინც გამოვიდა და ნამდვილი ისტერიკა მოაწყო – მან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავიაბაზარზე ოლიგარქების და მონოპოლისტი კომპანიების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „საქართველოშიც ადრე იგივე იყო, იყო ერთადერთი ავიაკომპანია, მას ჰქონდა პარლამენტში და მთავრობაში კავშირები და ჩვენთან 100 ათასი ტურისტი დაფრინავდა. ჩვენ ამისი ლიბერალიზაცია მოვახდინეთ, შემოვიდა კიდე 20 ავიაკომპანია და მგზავრთა რაოდენობა 6 მილიონამდე გაიზარდა. თქვენ კი ამ გადაწყვეტილებით შეამცირებთ ოდესაში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას. თქვენ ხელფასს კერძო პირებისგან იღებთ, რამდენი გაქვთ ხელფასი?“ – ჰკითხა სააკაშვილმა ანტონიუკს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი ხელფასი 5,5 ათას გრივნას შეადგენს. „და თქვენ რა, ამ ხელფასზე ცხოვრობთ? რამდენი ბილეთის შეძენა შეიძლება ამ 5,5 ათასი გრივნით? თქვენ არსად არ დაფრინავთ და შვებულებაში „ზაპოროჟეცით“ დადიხართ? არ მჯერა“, – განაცხადა სააკაშვილმა. ამის შემდეგ ანტონიუკმა სააკაშვილს ურჩია, უაზრო ყბედობა შეეწყვიტა. „ადამიანისგან, რომელმაც თავისი სამსახური ოლიგარქების ინტყერესებში გაცვალა, მე არ მივიღებ ბრალდებას იმაში, რომ უაზროდ ვყბედობ“, – თქვა სააკაშვილმა.
ამის შემდეგ დენის ანტონიუკმა შესთავაზა ოდესის გუბერნატორს მისულიყო მასთან სახლში და საკუთარი თვალით ენახა, როგორ ცხოვრობს ის. სააკაშვილმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და დაამატა, რომ „ეს კომისია დასაშლელია“.