აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო პრაქტიკა. ნაკლებად ხდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით, იმატა გირაოს გამოყენების შემთხვევებმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, უფრო გამჭვირვალე გახდა მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა, გაუმჯობესდა იუსტიციის საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც დადებითად აისახა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ანგარიშის თანახმად სახელმწიფომ მოახერხა ლგბტ ადამიანების გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა და მათი უსაფრთხოების დაცვა. ეს ფაქტი სათანადოდ შეფასდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

“რა თქმა უნდა, საქართველოში, როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, ლგბტ ადამიანების თვითგამოხატვა ჯერ კიდევ მწვავე საზოგადოერივ რეაქციებს უკავშირდება და ამ კუთხით სამუშაო ბევრია, მაგრამ სახელმწიფო ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს იცავს. იმდენად, რამდენადაც ანგარიში მხოლოდ 2014 წელს მოიცავს, მასში გამოხატულია გარკვეული გაფრთხილებები/მოსაზრებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებისა და არასრულსწლოვანთათვის არასათანადო პირობების შესახებ თავისუფლების შეზღუდვისა თუ აღკვეთის დაწესებულებებში.
არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დრომდე არ არსებობდა დოკუმენტი, რომელიც მართლმსაჯულებაში არასრულწლოვანთა მონაწილეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  დაარეგულირებდა. 2015 წელს დასრულდება არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.  ახალი კოდექსი კი სწორედ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი და, პირველ რიგში, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. ეს, მართლაც, უმნიშვნელოვანესი რეფორმა და წინ გადადგმული ნაბიჯია და არა მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ ყველა პარტნიორი ორგანიზაციის დიდ მოწონებას იმსახურებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, 2014 წლის მონაცემებით, მაინც რჩება გარკვეული ხარვეზები, თუმცა პენიტენციალური სისტემა ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა, გაუმჯობესდა როგორც პატიმრების ყოფითი პირობები, ასევე ჯანდაცვა. პატიმრები იღებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, C ჰეპატიტის მკურნალობა, პირველ რიგში, დაიწყო პატიმრებიდან, სახელმწიფოსთვის მათი ჯანმრთელეობა პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში წინა წლების პრაქტიკისგან, როცა პატიმრობა მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვასთან კი არა, ჯანმრთელობის განადგურებასა და მძიმე დაავადებების შეძენასთან ასოცირდებოდა. ამიტომ ეს განსაკუთრებულად არის ხაზგასმული ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა, შეფასებულია დემოკრატიული მმართველობის კუთხით წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად, რომელიც კარგ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველობს ინსტიტუტის შემდგომი განვითარებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და მერი პირდაპირი წესით აირჩევა. ეს ანგარიშიც, ისევე როგორც სხვა არაერთი საერთაშორისო შეფასება, ხაზს უსვამს 2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების უპრეცენდენტობას, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება აირჩა ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით და არჩევნები ჩატარდა ყველაზე გამჭვირვალედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

“ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდა ამ სფეროში, აისახა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში და მის მიხედვით ხდება და მოხდება სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის დაგეგმვა. ეს არის შეფასებული მნიშვნელოვან დემოკრატიულ წინსვლად, რადგან ამ დრომდე ადამიანის უფლებების დაცვისათვის სახელმწიფოს მსგავსი მექანიზმი არ გააჩნდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მმართველობის პერიოდში გაკეთებული პირადი ცხოვრების ამსახველი 26,000 აუდიო და ვიდეოჩანაწერი, რომელიც შანტაჟისთვის გამოიყენებოდა. ასევე აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის. მთავარი პროკურატურა გეგმავდა განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, იმ მოტივით, რომ ხვედელიძის სასჯელი არ შეესაბამებოდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ანგარიშში პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება და მის მიმართ საყოველთაო ნდობის არსებობა. სახალხო დამცველის ყოველწლიურ და სპეციულურ ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია.

სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 2015 წლიდან თითქმის გაორმაგდა. შეიქმნა ახალი დეპარტამენტები  და გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა. თანასწორობის დეპარტამენტს  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 356 000-მდე ლარი გამოეყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გახდა საგამოძიებო ორგანოების მაკონტროლებელი გარე უწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიაა, რათა არ მოხდეს თვითნებურად და გაუმართლებლად მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სამართალდამცავი უწყებების მიერ. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანხმობის გარეშე, ასეთი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება გამორიცხულია.

ანგარიშში, სადაც საუბარია კორუფციის თემაზე, აღნიშნულია მოქმედი ხელისუფლების 2 მაღალჩინოსნის დაკავება. ასევე, ფაქტად მოყვანილია ვანო მერაბიშვილის შემთხვევა, როცა მან კვარიათის სხვა ადამიანისთვის კუთვნილი აგარაკი მისი პირადი მოხმარებისთვის გაარემონტა ბიუჯეტის ფულით და იყენებდა ასევე პირადი მოხმარებისთვის. ასევე სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, 2012 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. ორივე ეპიზოდზე სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები