რა მოხდა სამარშრუტო ტაქსიში – „ითანამშრომლეთ პატრულთან, კანონდარღვევევის შემთხვევაში 112-ში დარეკეთ“

არქიტექტორ-დიზაინერი ინგა წიკლაური ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მიერ მგზავრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ყვება.
როგორც წიკლაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას პირადად შეესწრო, თუ როგორ მიმართავდა უცენზურო სიტყვებით ტაქსის მძღოლი გადატვირთულ ტრანსპორტში ფეხზე მდგომ მგზავრებს და მათ კიდევ უფრო შემჭიდროებისკენ მოუწოდებდა.
ინგა წიკლაური აღნიშნავს, რომ მან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მგზავრებისთვის უცენზუროდ მიმართვის გამო შენიშნვა მისცა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მძღოლმა მასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ წიკლაურმა სამარშუტო ტაქსის მძღოლი გააფრთხილა, რომ საპატრულო ეკიპაჟის გამოძახებას აპირებდა და ასეც მოიქცა.
მისი თქმით, გაჩერებაზე მათ, მართლაც, დახვდათ პატრულის ეკიპაჟი, რის შემდეგაც მას მძღოლმა საჯაროდ ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ სხვა დროს ანალოგიურად აღარ მოიქცეოდა. ინგა წიკლაური მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ თავადაც აღმოჩნდებიან მსგავს ვითარებაში აუცილებლად შეატყობინონ 112-ს.

“დღეს, მგზავრებით გადავსებულ სამარშრუტო ტაქსში მძღოლი ყოველ ახალ მგზავრს ლანძღვა-გინებით ამატებს, მე 1 წუთია რაც ვმგზავრობ, ახალი მგზავრიც დაამატა – შეაგინა ყველას თქვენი დედატყმყველაფერი – გადაიწიეთო… მგზავრები აქეთ-იქით ტყუილად იყურებიან, ცალ-ფეხზე დგას უმრავლესობა.
მე: – ბატონო საზოგადოებაში ასე მოქცევას და გინებას როგორ ბედავთ – არ შეიძლება!
მძღოლი: – შენი დედა და ქალი და კაცი და ინტრიგანო – ლაწირაკო, ვინ რას გეკითხება ა.შ. – თუკი რამე სალანძღავი სიტყვა გაუგია სამეგრელოში, ყველას მაყრის.
მე: – პატრულს გამოვიძახებ ვაფრთხილებ და ვახსენებ მოქალაქის უფლებებს.
მძღოლი: – ჩაგდებით მემუქრება და ა.შ.
მე: – ავუხსენი პატრულს სიტუაცია და შემპირდნენ, გაჩერებაზე დაგვხვდებოდნენ. მგზავრები ჩემს მხარეს არიან, რამდენიმე – ყოველ ეკლესიასთან პირჯვარმწერმა ქალბატონმა, გოგონი კი ხარ მართალიო, მაგრამ ქალი ხარ და დიდი ამბავი, კაცი გაღიზიანებულიაო.

მოკლედ:
1. გაჩერებაზე პატრულის ეკიპაჟი დაგვხვდა, კომპეტენტური და კულტურული ახალგაზრდები.
2. მძღოლმა საჯაროდ მომიხადა ბოდიში და ძალიან მშვიდად დაგვპირდა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა.
3. ამის მერე, მე კეთილი ნება გამოვიჩინე და ამჯერად საქმე არ გადავეცი სასამართლოს, რადგანაც მძღოლი სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდა.
4.საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა – ჩემი დაკვირვებით, კანონდარღვევაზე (შეურაცხყოფა, ქალაქში არასწორად მოძრაობა და ა.შ.) ვერ რეაგირებს ადეკვატურად და წარმოდგენა არ აქვთ, რომ მათ უფლებები გააჩნიათ.
5. საქართველოს ქალების დიდი ნაწილისათვის ლანძღვა-გინება და ცემა-ტყება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ამდენი რატომ ვწერე და:
1! ითანამშრომლეთ პატრულთან – 112- ი დარეკეთ – ნებისმიერი კანონდარღვევევის შემთხვევაში, ჩვენ ამაში ფულს ვიხდით.
2! სამარშრუტო ტაქსების გაუმართაობის, სიბინძურის , სიცხეში კონდიციონერის არ ჩართვის, მძღოლების მიერ შეურაცხყოფის (მომსწრე მე თვითონ ბევრჯერ ვარ), მუსიკალური თუ საინფორმაციო ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ „ცხელ ხაზზე“, ტ: 2 200 340 http://tm.ge/?menuid=4&id=10&lang=1
3! იგივე ეხება მუნიციპალურ ავტობუსებს და თბილისის მეტროპოლიტენს http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=72. !

დასკვნა: იცოდეთ თქვენი და სხვისი უფლებები და იქნებით დაცულნი!“- წერს ინგა წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები