აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, სადაც ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას ეხება.
ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სეპარატისტული რეგიონებია, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
„მათ დე ფაქტო ხელისუფლებებს მხარს უჭერს რუსეთი და ათასობით სამხედრო პირი, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ეს ტერიტორიები. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას აფერხებენ რუსი მესაზღვეეები. განსაკუთრებით ეს ეთნიკური ქართველების გადაადგილებას ეხება. დე ფაქტო ხელისუფლებები ქართველებს არ აძლევენ ბიზნესის წარმოების საშუალებას, ასევე მუდმივი საფრთხე ემუქრება მათ საკუთრებას და სერიოზული პრობლემებია გადაადგილების კუთხით. აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ძალზე ცოტა ინფორმაცია არსებობს, ვინაიდან საერთაშორისო სტრუქტურებს ამ ორ რეგიონში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართველების უმეტესობა ამ რეგიონიდან განდევნა. რუსეთის მიერ „სასაზღვრო ხაზის“ გავლების შედეგად კი ბევრი ქართველი იძულებული იყო, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და მათ გადაადგილების მხრივ დამატებითი სირთულეები შეექმნათ“, – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.