ერევანში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება

მეექვსე დღეა სომხეთის დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ხუთშაბათის კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის გამზირი აქვთ გადაკეტილი.
ორშაბათს წყლის ჭავლის და ხელკეტების გამოყენებით პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია და 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მაგრამ იმავე დღეს მომიტინგეები კვლავ შეიკრიბნენ და მათმა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია. ხელისუფლება იძულებული იყო, დაკავებულები გაეთავისუფლებინა. ამის შემდეგ მიტინგის ძალისმიერი დარბევის მცდელობა აღარ ყოფილა. აქციას უკვე დაარქვეს „ელექტრომაიდანი“. ამასთანავე, მისი მონაწილეები უკრაინის მოვლენებთან მსგავსებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ეკონომიკური, და არა პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ.
უკრაინული გამოცემა zn.ua აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ერევნის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუს ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად საუბრობდნენ „ერევნის მაიდანზე“, ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ „სომხეთის გაერთიანებული ენერგოკომპანია“, რომელსაც რუსული „რაო“ აკონტროლებს, დენის ტარიფის გაზრდას 1-ლი აგვისტოდან ვარაუდობდა. 2013 წლიდან სომხეთში დენი ორჯერ უკვე გაძვირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები